ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიას ისრაელი დაამატა
ევროკავშირის საბჭომ ისრაელი შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეტაპობრივად გააუქმონ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები.
„ევროკავშირში არა-გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით მოგზაურობაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმების რეკომენდაციის შესაბამისად გადახედვის შემდეგ, საბჭომ განაახლა ქვეყნების სია, რომლებისთვისაც უნდა მოიხსნას სამოგზაურო შეზღუდვები, ისრაელის დამატებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭო კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიას კვლავ ყოველ ორ კვირაში გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს.
ამჟამად, ეპიდემიოლოგიური ვითარების კუთხით ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სია ასე გამოიყურება: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის დადასტურების შემთხვევაში).