ევროკავშირმა რუსული კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ე.წ. შავ სიაში მოხვდა რვა ფიზიკური და სამი იურიდიული პირი. მათ სანქციები დაუწესდათ სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სანქციები დაუწესდება დიმიტრი უტკინს. ის გახლავთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) ყოფილი ოფიცერი და სწორედ მას ედება ბრალად „ვაგნერის ჯგუფის“ ოპერაციების ორგანიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
„ის გახლავთ ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი პირი და პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, მათ შორის წამებაზე, ადამიანების თვითნებურ მკვლელობასა და ეგზეკუციაში. უტკინი თავადაც მონაწილეობდა 2017 წელს სირიაში ერთ-ერთი დეზერტირის წამებასა და მკვლელობაში, რასაც ვიდეოკამერით იღებდა. უტკინი, როგორც ვაგნერის ჯგუფის ხელმძღვანელი პირი, პასუხისმგებელია ქმედებებზე, რომლებმაც ძირი გამოუთხარეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია ევროკავშირის ჟურნალში.
მასთან ერთად შავ სიაში მოხვდა სტავროპოლის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც არის „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებული მებრძოლი და სირიაში ჩადენილ არაერთ დანაშაულში ედება ბრალი. ასევე ვალერი ზახაროვი, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი იყო. მას ბრალად ედება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თვითნებური მკვლელობები და ადამიანების წამება.
შავ სიაში მოხვდა სამი კომპანია, ესენია: „ვალედა“, „მერკური“ და „ევროპილისი“, რომლებიც სირიაში ნავთობისა და გაზის სექტორში მუშაობენ და დაკავშირებული არიან რუსულ სამხედრო ჯგუფ „ვაგნერთან“.
ევროკავშირის გადაწყვეტილებით აღნიშნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ანგარიშებს დაუყადაღებენ. ასევე აღნიშნულ პირებს ევროკავშირში ჩასვლა აეკრძალებათ.