ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა
ევროკავშირმა კომპანია „მეტას“ რეკორდული ჯარიმა დააკისრა. კომპანიას, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“, ასევე მესენჯერ „ვოთსაფს“ ფლობს, 1,2 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ „მეტამ“ დაარღვია ევროკავშირში მოქმედი მონაცემთა დაცვის მთავარი პრინციპი და „ფეისბუქის“ ევროპელი მომხმარებლების პირადი მონაცემები აშშ-ში ისე გადააგზავნა, რომ სათანადოდ არ უზრუნველყო მათი დაცულობა.
როგორც მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებაში განაცხადეს, „მეტას“ მიერ ევროპელი მომხმარებლების მონაცემთა აშშ-ში გადაგზავნის დროს გამოყენებულ ლეგალურ ინსტრუმენტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული ის საფრთხეები, რომლებიც ექმნება მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს. კერძოდ, საუბარია აშშ-ის მხრიდან ევროპელი მოქალაქეების შესაძლო თვალთვალის რისკზე.
კომპანია „მეტას“ წარმომადგენლებმა ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
„ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელია და საშიშ პრეცედენტს ქმნის სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც მონაცემთა გადაცემის დროს იმავე ლეგალურ მექანიზმს იყენებენ, რასაც „მეტა““, – განაცხადეს კომპანიის იურისტებმა. მათივე თქმით, კომპანია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, მანამდე ლუქსემბურგში ამერიკული კომპანია „ამაზონი“ 746 მილიონით დააჯარიმეს, ხოლო „მეტას“ წინააღმდეგ ბოლო ორ წელიწადში, საერთო ჯამში, სოლიდური ჯარიმა ოთხჯერ დაწესდა.