ევროკავშირმა კომპანია „გუგლის“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა კომპანია „გუგლის“ წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაადგენს, იყენებს თუ არა ამერიკული გიგანტი თავის პოზიციას ბოროტად, როდესაც საქმე ონლაინ ციფრულ სარეკლამო ტექნოლოგიებს ეხება.
გამოძიებამ უნდა გამოავლინოს, დაარღვია თუ არა „გუგლმა“ ევროკავშირის კონკურენციის წესები. აქცენტი გაკეთდება იმაზე, ახშობს თუ არა კომპანია კონკურენციას მესამე პირებზე, მომხმარებლის მონაცემებზე წვდომის შეზღუდვით, ვებგვერდებსა და აპლიკაციებში სარეკლამო მიზნებისთვის.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში ციფრულ რეკლამირებაზე დახარჯულმა თანხებმა 2019 წელს დაახლოებით 20 მილიარდ ევროს მიაღწია. მესამე მხარის ვებგვერდებზე კონტრაქტებში შემზღუდველი პუნქტების დაწესების გამო, 2019 წლის მარტში ბრიუსელმა „გუგლი“ 1.49 მილიარდი ევროთი დააჯარიმა.