ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. BBC-ის ინფორმაციით, აკრძალვები სადაზვერვო სააგენტოსა და ირანის ორ მოქალაქეს შეეხება. დასავლეთი შავ სიაში მოხვედრილებს ევროპაში რიგ მკვლელობებთან აკავშირებს.
საქმე ეხება რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს ბრალდებას, მათ შორის არის ნიდერლანდები. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ნიდერლანდების საიდუმლო სამსახურს აქვს მტკიცებულებები, რომ 2015 წელს, ქალაქ ალმერეში და 2017 წელს ჰააგაში მომხდარ მკვლელობებში სწორედ ირანია პასუხისმგებელი. ჰოლანდიის დიპლომატიური უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე შემთხვევაში მსხვერპლი ირანული წარმოშობის იყო. ისინი ისლამური რესპუბლიკის რეჟიმის ოპონენტები იყვნენ.
რამდენიმე თვის წინ, ნიდერლანდებიდან ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი მკვლელობასთან შესაძლო კავშირის გამო გააძევეს. ოქტომბერში კი საფრანგეთმა ირანის სადაზვერვო სამსახური პარიზში ერთ-ერთ ღონისძიებაზე თავდასხმის მცდელობაში ღიად დაადანაშაულა.
პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობის მცდელობაში ირანი დანიამაც დაადანაშაულა.
ევროკავშირის ტერორისტთა შავ სიაში შესვლასთან ერთად, სანქციების ობიექტებს ევროპის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინებათ.
ირანის ისლამური რესპუბლიკა დასავლეთის ბრალდებას უარყოფს. თეირანში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდებები ირანსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის გაფუჭების მცდელობაა.