ევროკავშირმა დაიწყო 40 მლნ ევროს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მომზადებას ვაქცინების მიღებისა და ადმინისტრირებისთვის
ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციისთვის მზადყოფნის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, 40 მილიონი ევროს ღირებულების რეგიონული პროგრამა დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოსახლეობის ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინაციისთვის მომზადებისა და მზადყოფნის უზრუნველყოფის მხარდაჭერას.
ევროკომისიის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა მოამზადებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ვაქცინების ეფექტიანი მიღებისა და ადმინისტრირებისთვის. პროგრამა მოიცავს რისკების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, საზოგადოების ჩართულობას, ვაქცინების მიწოდების ჯაჭვის მართვის მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებისა და უსაფრთხოების მონიტორინგს, ვაქცინაციის კამპანიაში მონაწილე ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებისა და სამედიცინო მუშაკების ტრენინგს, ვაქცინაციის დაგეგმვას, ასევე ვაქცინების მიწოდების ლოჯისტიკურ მხარდაჭერას.
„ახალი პროგრამით, რომელსაც დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ვიწყებთ, ევროკავშირი აჩვენებს, რომ ის ასრულებს ჯანდაცვის სფეროში კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერის ვალდებულებას. ერთობლივი მოქმედებები საშუალებას მოგვცემს, სწრაფად ვიმუშაოთ რეგიონის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენაზე. დღევანდელი პროგრამა ემატება ევროკავშირის ერთი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას, რომელიც ამ დროისთვის მობილიზებულია რეგიონში პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეკონომიკის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ.