აშშ-მა, ევროკავშირის წევრმა და არაწევრმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ
ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ.
„მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისგან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იარაღის გადაცემა გულისხმობს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერას.
„ღრმად შეშფოთებულნი ვართ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ამ თანამშრომლობას აქვს ევროპაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა უხეშად არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას.
„მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს, დაემორჩილონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ქმედება, რომლებიც მათ არღვევს“, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ასევე ქვეყნები: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.