ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღეს
ევროკავშირმა და აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები მიიღეს. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტში მოხვდა 17 ფიზიკური და 11 იურიდიული პირი. მათ შორის მოხვდნენ ბელარუსის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსნები, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები, ასევე ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავია“, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები, ასევე „ბელარუსნეფტი“.
სანქციები გულისხმობს ჩამოთვლილი პირებისა და კომპანიების ყველა აქტივების დაყადაღებას, ხოლო ევროპულ კომპანიებს და ევროკავშირის მოქალაქეებს ეკრძალებათ ე.წ. შავი სიის ფიგურანტებთან თანამშრომლობა. ამას გარდა, სანქციების პაკეტში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩასვლა.
აშშ-მა ე.წ. შავ სიაში შეიყვანა ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილი დმიტრი. ასევე სანქციები დაუწესდა „ბელარუსის კალიუმის კომპანიას“, „ტრანსვიაექსპორტს“ და სხვებს.
ვაშინგტონმა სულ სანქციები დაუწესა 20 ფიზიკურ დ 12 იურიდიულ პირს. ამასთან ვაშინგტონის სანქციები ეხება ბელარუსის სუვერენულ ვალსაც.
ლუკაშენკოს და მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ევროკავშირმა და აშშ-მა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართული აქციების დარბევის შემდეგ გადაწყვიტა. ევროკავშირმა სანქციების სამი პაკეტი შარშან მიიღო, ხოლო მეოთხე 2020 წლის ივნისში.
ამას გარდა, აშშ და ევროკავშირი ბელარუსის მთავრობას ევროკავშირის საზღვრებთან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად მოწყობაში ადანაშაულებენ. სწორედ ამ მიზეზით დაუწესდა ლუკაშენკოს და მის გარემოცვას დამატებითი სანქციები.