ევროკავშირმა „ბიონტექსა“ და „ფაიზერს“ „ომიკრონის“ შტამზე ადაპტირებული 180 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა
ევროკავშირმა „ბიონტექსა“ და „ფაიზერს“ კორონავირუსის ახალ „ომიკრონის“ შტამზე ადაპტირებული ვაქცინის დიდი პარტია შეუკვეთა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„ჩვენი კონტრაქტები ითვალისწინებს, რომ კომპანიები 100 დღის განმავლობაში საჭიროებისამებრ შეიმუშავებენ ადაპტირებულ ვაქცინებს. წევრი-ქვეყნები შეთანხმდნენ ადაპტირებული ვაქცინების 180 მილიონი დოზის პირველი ტრანშის გაშვებაზე, ჩვენი, რიგით მესამე კონტრაქტის მიხედვით, BioNTech/Pfizer-თან“, – განაცხადა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.
ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, გერმანულ კომპანიასთან და ამერიკულ კონცერნთან დადებული კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე ვაქცინის 1,8 მილიარდი დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.
„ვიცით, რომ „ომიკრონი“ ჩვენთვის რეალური საფრთხეა“, – განაცხადა მან.
ევროპული კომისიის ხელმძღვანელის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი უკიდურესად სწრაფად ვრცელდება და აგრეთვე არის საშიშროება, რომ „ომიკრონმა“ ნაწილობრივ გადალახოს აქამდე არსებული ვაქცინების დაცვის მექანიზმი.