ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირმა, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა.
განცხადების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სანქციებს ბელორუსში ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევების ესკალაციის, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ოპოზიციისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი რეპრესიების, აგრეთვე მაისის თვეში „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებითი დასმის, ჟურნალისტ რომან პროტასევიჩისა და სოფია საპეგას დაკავების საპასუხოდ აწესებს.
ახალი ეკონომიკური სანქციები მოიცავს ვაჭრობის აკრძალვას რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე, კალიუმის ქლორიდზე და პროდუქტებზე, რომელიც გამოიყენება თამბაქოს ნაწარმის წარმოებისათვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელარუსს საკუთარ საბაზრო კაპიტალზე დაშვება შეუჩერა. ასევე, აიკრძალა მთავრობის წევრთათვის და სამთავრობო დაწესებულებისა და ორგანიზაციებისათვის სადაზღვეო მომსახურეობის გაწევა, ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკმა, (EIB) ბელორუსის საჯარო სექტორისთვის ნებისმიერი დაფინანსების გამოყოფა შეაჩერა.
ამასთანავე, სანქციები ბელორუსში ნებისმიერი პირისთვის აღჭურვილობის, ტექნოლოგიის ან პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების, აგრეთვე სამხედრო ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ გაყიდვას, გადაცემას ან ექსპორტს კრძალავს.
ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ზემოაღნიშნული სანქციები ძალაში 24 ივნისს შევიდა.