ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

სანქციები იარაღზე ემბარგოს და ოთხი ფიზიკური პირის წინააღმდეგ სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს ითვალისწინებს.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, ევროკავშირის სანქციები გაუხანგრძლივდათ იმ პირებს, რომლებსაც 1999 და 2000 წლებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტისა და ბიზესმენის გაუჩინარებასთან აქვთ კავშირი.

სანქციები 2021 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ერთი ბიზნესმენისა და ერთი ჟურნალისტის გაუჩინარების შემდეგ, 2004 წელს დააწესა.

მოგვიანებით, 2011 წელს ევროკავშირმა მინსკს დამატებითი სანქციები დაუწესა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

ამავე წელს ამოქმედდა ემბარგო იარაღის მიწოდებაზე. 2016 წლის 15 თებერვალს ევროკავშირის საბჭომ 170 პირს და ოთხ კომპანიას შეზღუდვები გაუუქმა, იარაღზე ემბარგო და ოთხი ფიზიკური პირის წინააღმდეგ სანქციები კი ძალაში დატოვა.