ევროკავშირმა აშშ-ის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომები შესაძლოა, ივლისში მიიღოს
ევროკავშირმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ ტარიფებზე საპასუხო ზომები შესაძლოა, ივლისში მიიღოს. ამის შესახებ სავაჭრო საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა განაცხადა. ცნობას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ევროკომისრის თქმით, აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომების განხილვა უკვე მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ევროპელი მწარმოებლები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის განკუთვნილ ფოლადსა და რკინას უკვე სხვა ქვეყნებში აგზავნიან.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირს, კანადასა და მექსიკას ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები დაუწესა. ფოლადზე 25 %-იანი, ალუმინზე კი 10 %-იანი ტარიფები ძალაში პირველ ივნისს შევიდა.
აშშ-ის გადაწყვეტილებას ევროკავშირი მალევე გამოეხმაურა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ოფიციალური ვაშინგტონის წინააღმდეგ სარკისებური ზომების მიღებისა და ვაშინგტონის გადაწყვეტილების მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაჩივრების შესახებ დააანონსა.