ევროკავშირსა და ისრაელს შორის 2012 წლის შემდეგ პირველი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირსა და ისრაელს შორის 2012 წლის შემდეგ პირველი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირსა და ისრაელს შორის ასოცირების საბჭოს ფარგლებში, 2012 წლის შემდეგ პირველად, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი, პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს შეხვდა და ორი სახელმწიფოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის შეაქო, თუმცა აღნიშნა, რომ პალესტინის ტერიტორიებზე ვითარება „შემაშფოთებელია“.

მედიის ცნობით, ევროკავშირი აცხადებს, რომ ის ზეწოლას განახორციელებს ისრაელზე შეჩერებული სამშვიდობო ძალისხმევისა და პალესტინურ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო.

„ჩვენ გულწრფელად და ღიად განვიხილავთ ზოგიერთ სფეციფიკურ საკითხს, რომელიც ჩვენი ერთობლივი შეშფოთების საგანია, ვგულისხმობ ვითარებას პალესტინურ ტერიტორიებზე და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს, რომელიც შეჩერებულია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის დაწყებამდე.

როგორც მედია წერს, ბორელმა მხარდაჭერა გამოხატა ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმული სიტყვის მიმართ, რომელშიც ისრაელის ლიდერმა მოუწოდა პალესტინელებთან შეთანხმებისკენ, რომელიც ორი სახელმწიფო, ორი ერის პრინციპს ეფუძნება.

ბორელის თქმით, ეს არის სწორედ ის, რისკენაც მიისწრაფვიან.

„ჩვენ გვსურს პოლიტიკური პროცესის განახლება, რომელსაც შეუძლია, მიგვიყვანოს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტამდე და ყოვლისმომცველ რეგიონულ მშვიდობამდე. ჩვენ უნდა შევისწავლოთ, როგორ შეიძლება ამის პრაქტიკაში რეალიზება“, – აღნიშნავს ბორელი.

ჯოზეფ ბორელის თქმით, გაერო-ს ანგარიში პალესტინურ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით „შემაშფოთებელია“. მედია წერს, რომ ანგარიშის მიხედვით, „წელს მოკლული პალესტინელების რიცხვი 2007 წელს მოკლულთა ოდენობას აღწევს“.