ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებმა მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული წესის კანონპროექტი შეათანხმეს
ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებმა მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული წესის კანონპროექტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მესამე ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შეჩერების გამარტივებული წესების შესახებ კანონპროექტი შეათანხმეს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

დამტკიცების შემთხვევაში, ახალი კანონი მისცემს მეტ შესაძლებლობას ევროკავშირს, წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ სიტუაციებს, როდესაც უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება ხდება ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

განახლებული წესებით, ევროკავშირს უვიზო რეჟიმის შეჩერება შეეძლება ისეთ შემთხვევაში, თუკი მესამე ქვეყნის სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას არ შეესაბამება, რასაც შესაძლოა, ევროკავშირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლის ზრდა მოჰყვეს, მაგალითად, ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო. ასევე, უვიზო რეჟიმი, შესაძლოა, შეჩერდეს, თუკი ქვეყანაში მოქმედებს ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემა, აგრეთვე, ამ ქვეყნის დოკუმენტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ან პროცედურებში არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები ან ნაკლოვანებები.

ამას გარდა, უვიზო რეჟიმი მესამე ქვეყანასთან ევროკავშირმა, შესაძლოა, შეაჩეროს იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყანასთან მისი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუარესდება, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მდგომარეობის გამო.

ძალაში დარჩება ასევე უვიზო რეჟიმის შეჩერების აქამდე მოქმედი პირობები, მათ შორის, მესამე ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობით უსაფუძვლო განაცხადების მიღება, რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობის შემცირება, უვიზო რეჟიმით დადგენილი ვადების დარღვევა.

კანონპროექტით, უვიზო რეჟიმის შეჩერების ვადა გაიზრდება ცხრიდან 12 თვემდე და შესაძლებელი იქნება მისი კიდევ 24 თვით გახანგრძლივება.