სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე ერთობლივი განცხადება მოამზადეს. განცხადებას „ინტერპრესსნიუსი“ ავრცელებს.

როგორც 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ვერ შეძლებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს.

მათივე განმარტებით, „ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა, ან, უბრალოდ, სიცრუეა.

„საქართველოს, როგორც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მოქცეულ ქვეყანას, თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის, ფასეულობებისა და ღირსებისათვის ბრძოლის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მან 30 წლის წინ, ბოლო ოკუპაციის შემდეგ, მეზობელი იმპერიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ეს იყო საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და, რაც მნიშვნელოვანია, ევროპული მომავლის გზის დასაწყისი. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პროევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი, ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ქართველმა ხალხმა უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ბევრს მიაღწია – 2022 წლის მარტში საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი ამ გზის ისტორიული ეტაპი იყო.

აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი წუხილი მით უფრო სერიოზულია. ამ სტრიქონებს გვაწერინებს ჩვენი გულისტკივილი საქართველოს ევროპული მომავლის გამო. როგორც საქართველოს მეგობრები და ჩვენი ქვეყნების ევროპულ საქმეთა მინისტრები აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება.

საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში. გასული თვეების განმავლობაში საქართველომ მიიღო რამდენიმე კანონი, შეუსაბამო ევროკავშირის საერთო ნორმატიულ ბაზასთან (acquis communautaire), განსაკუთრებით, კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ გადაწყვეტილებების გამო შეჩერდა თქვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ გაგრძელდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი. სწორედ ასე გადაწყვიტა 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისაგან შედგება: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება. მაშასადამე, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა, ან, უბრალოდ, სიცრუეა.

ევროპის კავშირისათვის ეს არ ყოფილა მარტივი გადასაწყვეტი: ამას წინ უძღოდა თვეების განმავლობაში სერიოზული კონსულტაციების და დისკუსიების მცდელობები, თუმცა დღემდე უშედეგოდ. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი სამართლებრივი კავშირიცაა, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს იზიარებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირი გაწევრიანების წინაპირობად სწორედ ევროპული ღირებულებების აღიარებას და მისი სამართლებრივი ნორმების განხორციელებას აყენებს.

ეგრეთ წოდებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არც შინაარსითა და არც სულისკვეთებით შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებს და ფასეულობებს. ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო. ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, მრავალკვირიანი სახალხო პროტესტების, პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს პარტნიორების არაორაზროვანი კრიტიკის მიუხედავად მიიღო. სამწუხაროდ, ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.

იმავდროულად, ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მიმართა პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ. ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს.

მოდით, ერთი რამ განვმარტოთ – ჩვენ მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, ევროკავშირის წევრად. საქართველო ევროპული, პლურალისტური და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი, ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და მდიდარი მედიალანდშაფტი აქვს და საქართველომ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე. მოდით, ასევე განვმარტოთ – ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია!“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საკითხთა, საგარეო ვაჭრობისა და ფედერაციის კულტურის დაწესებულებათა მინისტრი ჰაჯა ლაბიბი; გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანი; დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი მარი ბიერი; ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა; ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე; ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა საკითხებში სიმონას შატუნასი; ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების სფეროში თანამშრომლობისა და ჰუმანიტარულ საკითხთა მინისტრი ქსავიე ბეტელი; პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა; პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში ინეშ დომინგოსი; საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი; ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი იოაკიმ სტრანდი; შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი იესიკა როსენკრანცი; ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი მარტინ დვორაკი.