ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის თაობაზე, საქართველოს მთავრობა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის თაობაზე, საქართველოს მთავრობა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანის შემდეგ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საზღვრების გახსნის თაობაზე ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – საზღვრების გახსნასა და რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური და იმ წარმატების აღიარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით მიაღწია.

როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, მომდევნო ეტაპია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობა დეტალურად მუშაობს ყველა იმ პროცედურაზე, რომელთა გავლა მოქალაქეებს მოგზაურობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ და შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღებს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება, რათა საქართველოს მოქალაქეებს თანმიმდევრულად გაეხსნათ ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა და ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, უსაფრთხოდ იმოგზაურონ საქართველოში.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ახალი მიმართულებები დაემატება იმ დედაქალაქების ჩამონათვალს, სადაც კომერციული ჩარტერული რეისები დღესაც სრულდება. საქართველოს მთავრობისთვის მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია და თითოეული გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღება“, – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.