ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს განცხადება - „ნაციონალური მოძრაობა“ თანაბრად პასუხისმგებელია, კონსტრუქციულად ჩაერთოს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, საარჩევნო რეფორმისთვის ხმის მისაცემად
ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს განცხადება - „ნაციონალური მოძრაობა“ თანაბრად პასუხისმგებელია, კონსტრუქციულად ჩაერთოს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, საარჩევნო რეფორმისთვის ხმის მისაცემად

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს მიერ, ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულების შესახებ ერთობლივ განცხადებაში გამოთქმულია წუხილი, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.

მათივე განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად, თანაბრად პასუხისმგებელია, კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად.

„ძალიან ვწუხვართ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არჩეულ პარტიებთან ერთად თანაბრად პასუხისმგებელია, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს პარლამენტის მუშაობაში პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხების მოსაგვარებლად, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელებისთვის ხმის მისაცემად და ზედმიწევნით განსახილველად, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებაში მონაწილეობის მისაღებად, ბევრ სხვა პრიორიტეტს შორის.

ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელსაც საქართველოს ყველა არჩეული ლიდერის პასუხისმგებლიანი მონაწილეობა სჭირდება. ამ შეთანხმების ხელმოწერით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჩვენებდა მზაობას, შეასრულოს ეს ფუნდამენტური ამოცანები საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

19 აპრილის შეთანხმება ხელმოსაწერად ღია რჩება როგორც საპარლამენტო პარტიის ლიდერებისთვის, ასევე პარლამენტის ცალკეული წევრებისთვის“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ.