ევროკავშირის წარმომადგენლობა - კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის ცოდნის მაღალ დონეს COVID-19 შესახებ და დადებით დამოკიდებულებას გატარებული ზომებისადმი
ევროკავშირის წარმომადგენლობა - კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის ცოდნის მაღალ დონეს COVID-19 შესახებ და დადებით დამოკიდებულებას გატარებული ზომებისადმი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის ცოდნის მაღალ დონეს „კოვიდ-19“-ის შესახებ და დადებით დამოკიდებულებას პანდემიასთან საბრძოლველად გატარებული ზომების მიმართ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ მხარეებს ონლაინ ფორმატში წარედგინათ საქართველოში კორონავირუსის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის შედეგები. კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის სამი ტალღა, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითოკვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს ყველა რეგიონს (გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა) მოიცავდა.

„შედეგად გამოვლინდა: გამოკითხულთა უმრავლესობა (76-84%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისათვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა. ამ პროცესში ჩართული სამთვრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობაც მაღალია.

მოსახლეობის 90%-ზე მეტმა კარგად იცის „კოვიდ-19“-ის სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%- ზე მეტი მიმართავს. ნაკლებად გავრცელებული სიმპტომების შესახებ ცოდნა უფრო დაბალია და შესაბამისად, გამოკითხულ მოსახლეობას მეტი ინფორმაციის მიღება სურს. კვლევამ ზომიერად ოპტიმისტური დამოკიდებულება გამოავლინა იმაზე, თუ როგორ უმკლავდება მოსახლეობა კორონავირუსს. დაახლოებით 55% მიიჩნევს, რომ ინფიცირების შანსი დაბალია“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს „კოვიდ-19“-ის კრიზისთან დასაძლევად სხვადასხვა გზით ეხმარება.

„ეს კვლევა 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით მხარდაჭერის მხოლოდ მცირე ნაწილია. შემდეგ კვირაში საქართველო დიდი ოდენობით სამედიცინო პირად დამცავ საშუალებებს მიიღებს. კვლევა მნიშვნელოვანია მოსახლეობის არამხოლოდ კრიზისის მიმართ დამოკიდებულების გასარკვევად, არამედ სამომავლო ინტერვენციების დასაგეგმად. რეალობის ამ ფორმით შესწავლა გვეხმარება, მოსახლეობის მოლოდინსა და დამოკიდებულებას ზუსტად მოვარგოთ სამომავლო ინტერვენციები. შესაბამისად, პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროკავშირი კვლავ საქართველოს გვერდით იქნება“, – აცხადებს კატალინ გერმანი.

საზოგადოების დამოკიდებულების კვლევას უკვე გაეცნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და დონორები და შედეგები გამოიყენება „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო ინტერვენციების დასაგეგმად და რისკების კომუნიკაციისა და თემის ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად.

ჯანმოს საქართველოსთან მრავალწლიანი მუშობა ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის სამომავლოდ, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. შედეგები უკვე ასახულია რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ამზადებს, რათა ქვეყნამ უკეთ შეძლოს მოსახლეობის საჭიროებებსა და მოლოდინზე პასუხის გაცემა“, – აცხადებს​ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ​ღასან ხალილი კი აღნიშნავს, რომ პანდემიის დაწყებიდანვე, გაერო-ს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია, რათა ქვეყანას შეძლებოდა უკეთ დაეკმაყოფილებინა გადაუდებელი საჭიროებები და უფრო მედეგი გამხდარიყო საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

ჯანმოსა და ჩვენს დონორებთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაში, რომელსაც სამინისტრო მალე დაამტკიცებს. ეს პროცესი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა, რაც შემდგომი დახმარებისა და ინტერვენციის დასახვეწად გამოიყენება“, – აცხადებს ​ღასან ხალილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სამი ტალღის გარდა, დამატებით, ეთნიკური შემადგენლობის გათვალისწინებით, მიზანმიმართული კვლევა ჩატარდა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. შედეგები მალე გამოქვეყნდება.

მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, სამ ეტაპად, თითოკვირიანი ინტერვალებით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. ცდომილებაა 3,1 პროცენტი.