ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული, მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა
ევროკავშირმა დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, დასკვნები და რეკომენდაციები პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იყო განხილული.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა. შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა.
პარასკევს, 16 სექტემბერს, შეფასების შედეგი წარედგინა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. შეხვედრა დასკვნების საფუძვლიან განხილვას და რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებას მოიცავდა.
შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულ იქნა წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა.
შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო.
ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა, როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ.
შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები გაიცა:
. ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკისა და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე, ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს.
. ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით.
. ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასახვისთვის. შეფასება ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს 2014-2020 წლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორთან დაკავშირებით.
ესენია: სოფლის მეურნეობა, სოფლისა და რეგიონული განვითარება; საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა; მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა; ეკონომიკური განვითარება, ბაზრის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები; ურთიერთკავშირები; მობილურობა და ადამიანებს შორის კავშირები.
რეკომენდაციების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას.
გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას მხედველობაში იქნება მიღებული“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.