ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთის ელჩთან შეხვედრისას მოითხოვა, პუტინმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა უკრაინის ტერიტორიიდან
ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ჩიჟოვი დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამსახურის გენერალურმა მდივანმა სტეფანო სანინმა ელჩთან შეხვედრისას უმკაცრესად დაგმო რუსეთის შეიარაღებული ძალების არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში და მოითხოვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია, ასევე უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან.
ევროკავშირის წამომადგენელმა რუსეთის ელჩ ჩიჟოვს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მტკიცე პასუხი რუსეთის აგრესიაზე დღევანდელი საგანგებო სამიტის შემდეგ გამოცხადდება. მან აცნობა რუს დიპლომატს, რომ პასუხი მოიცავს შემზღუდავი ზომების მკაცრ პაკეტს, მათ შორის იქნება როგორც სექტორალური, ისე ინდივიდუალური სანქციები.