ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან ფინეთი გახდა. ფინეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა რუმინეთისგან გადაიბარა.
როგორც ფინეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ პროგრამაშია აღნიშნულია, ევროკავშირის თავმჯდომარეობისას ფინეთი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ბრექსითის, დასავლეთ ბალკანეთიდან მიგრაციისა და კლიმატის საკითხებს.
ფინეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელებულია საერთო ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ევროკავშირის სოციალური მიმზიდველობის გაზრდა, ევროკავშირის როგორც კლიმატური ცვლილებების წინააღდეგ ბრძოლის სფეროში მსოფლიო ლიდერის პოზიციის განმტკიცება და მოქალაქეები უსაფრთხოების გაძლიერება.
„ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს მრავალმხრივ გადაწყვეტილებებსა და გაზარდოს თავისი წვლილი კონფლიქტების თავიდან არიდებაში“, – ნათქვამია ფინეთის თავმჯდომარეობის პროგრამაში.
ამასთან, ფინეთის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების წინაშე არსებული ახალი საფრთხეების იდენტიფიცირება, რათა გაძლიერდეს ევროკავშირის მხრიდან მათზე რეაგირების უნარი.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ექვსთვიანი ვადით ირჩევა. ფინეთი ევროკავშირს უკვე მესამედ თავმჯდომარეობს. 2020 წლის პირველი იანვრიდან კი მას ხორვატია შეცვლის.