ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური - 2018 წელს ევროკავშირში პირველადი თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 17 980 მოქალაქე იყო
2018 წელს ევროკავშირში პირველადი თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს 17 980 მოქალაქე იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირში პირველადი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 580 845 ათასი შეადგინა. საერთო რაოდენობის სამი პროცენტი კი, საქართველოს მოქალაქე იყო.
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა შორის საქართველოს მოქალაქეებმა სტატისტიკის სამსახურის სიაში მე-10 ადგილი დაიკავეს.
მოხსენების მიხედვით, საფრანგეთში, ირლანდიაში, ჩეხეთში, დანიაში და ლიხტენშტეინში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მაძიებელთა პირველ სამეულში იყვნენ.
2017 წელთან შედარებით, ევროკავშირში 2018 წელს პირველადი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 11 პროცენტით შემცირდა.
ამასთან, 2018 წელს ევროკავშირში თავშესაფარი ყველაზე ხშირად გერმანიაში (161 885), შემდეგ საფრანგეთში (110 500) და საბერძნეთში (65 000) მოითხოვეს.
შარშან ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა პირველ სამეულში სირიელები, ავღანელები და ერაყელები იყვნენ.