ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი - ჩვენ ვამაყობთ საქართველოსთან პარტნიორობით
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სტავროს ლამბრინიდისი სტუმრობს.
სტავროს ლამბრინიდისი თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. იმ ინიციატივის ფარგლებში,რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის პოზიტიური გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ამ მხრივ, რეფორმების წარმატებულ მაგალითებს 15 ქვეყანა გააზიარებს, საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. მან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
“ჩვენთვის ეს დიდი შესაძლებლობაა. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს ადამიანის უფლებების საკითხებში, ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ საქართველოში, რომელიც არის სამაგალითო. ჩვენთვის დიდი პატივია, ჩავერთოთ ამ ინიციატივაში და გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს ჩვენი პოზიტიური გამოცდილება. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას. მივესალმები, სპეციალური წარმომადგენლის მხარდაჭერას”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოსთან ერთად, ინიციატივაში რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მოწვეულნი არიან ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია, კორეა და სხვა. ინიციატივა კავშირშია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილესთან.
“ვცდილობთ, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო სტაბილურობის შექმნას ადამიანის უფლებების განვითარებით. საქართველოს განსაკუთრებული მიღწევები აქვს ამ მხრივ, თუმცა ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. ბევრი ქვეყანა ეკონომიკის გაძლიერებას, სიღარიბის დაძლევას, სამართალდამცავ თუ პენიტენციურ სისტემებსა და ქალთა უფლებების მხრივ ვითარების გაუმჯობესებას ცდილობს. ადამიანის უფლებების დაცვა მუდმივი პროცესია, მოხარული ვარ, რომ ჩვენს შორის არსებობს მჭიდროდ თანამშრომლობის სურვილი. ველოდები მეტ სამუშაოს, ჩვენ ვამაყობთ თქვენთან პარტნიორობით, ადამიანის უფლებების სფეროში და მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებებს”- აღნიშნა ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტავროს ლამბრინიდისმა.
სტავროს ლამბრინიდისის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.