ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას უმრავლესობის პრინციპის გამოყენების ინიციატივით გამოდიან
ევროკავშირის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნების პრინციპზე უარის თქმისა და ხმის მიცემისას უმრავლესობის პრინციპის გამოყენების ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია გამოცემა „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომლის ავტორები არიან გერმანიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვენიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ევროკავშირის შვიდი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის, როგორც გლობალურ არენაზე საგარეო პოლიტიკაში აქტორის როლი სულ უფრო მეტად საჭიროებს სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღებას.
„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, რომელიც მტკიცე, ხელშესახებ შედეგებს იძლევა. როგორც ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ კრიზისის დროს ჩვენი სამუშაოს შესრულების უნარი – ახლა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად კი, წარმატებული ევროპული ინტეგრაცია საჭიროებს, რომ მისი ინსტიტუტები ეფექტიანად ფუნქციონირებდნენ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა შვიდი მინისტრის ერთობლივ წერილში.
მინისტრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობის მიღება ერთსულოვნების პრინციპით ხდება, „რამაც ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოქმედების უნარი შეანელოს“.
„სწორედ ამ წესების მიუხედავად და არა მათი დახმარებით, ჩვენ შევძელით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 10 პაკეტის შეთანხმება სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის საპასუხოდ. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის უფრო ფართო გამოყენების მხარდაჭერით ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში“, – ნათქვამია შვიდი ქვეყნის დიპლომატის განცხადებაში.
ევროპელი მინისტრები გამოდიან წინადადებით, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო ფართოდ იქნას გამოყენებული „კონსტრუქციული თავის შეკავება“. მინისტრები ამას მარტივ და ამავე დროს ძალიან ეფექტიან ვარიანტად მიიჩნევენ, რომელიც არ აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას და არ აჩერებს დანარჩენ 26 წევრს წინსვლისგან. „კონსტრუქციული თავის შეკავების“ ერთ-ერთ ეფექტიან მაგალითად მინისტრები ასახელებენ გასული წლის ოქტომბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის დაწყების საკითხზე კენჭისყრას.
მინისტრები გამოდიან წინადადებით, რომ მოხდეს კვალიფიციური უმრავლეოსობით ხმის მიცემის პრაქტიკაში გამოცდა. მათი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის გარკვეული სფეროები ამის საშუალებას იძლევა ევროკავშირის წესდების 31-ე მუხლის საფუძველზე. მაგალითად, თუ საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ევროკავშირის სამოქალაქო მისიის შექმნა, ამ მისიის ოპერაციული პირობები შესაძლებელია, განისაზღვროს კვალიფიციური უმრავლესობის ხმის მიცემით.
ამასთან, შვიდი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ აცნობიერებენ ევროკავშირის ზოგიერთი პარტნიორის შეშფოთებას საგარეო პოლიტიკაში ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ შეშფოთებებს. ჩვენთვის კონსენსუსის ძიება არის და იქნება ჩვენი ევროპული დე-ენ-ემ-ის საფუძველში, ვინაიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დანახვა და კონსტრუქტიული კომპრომისისთვის ღიაობა რჩება ჩვენს აქტივად. ამგვარად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა გავითვალისწინოთ ევროკავშირის ყველა წევრის შეშფოთება, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი კოლექტიური ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღება“, – ნათქვამია წერილში.