ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში გასულ წელს სტაბილური წინსვლა აღინიშნებოდა
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში გასულ წელს სტაბილური წინსვლა აღინიშნებოდა

საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში გასულ წელს სტაბილური წინსვლა აღინიშნებოდა, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, მაია კოჟიანჩიჩის განცხადებაში.

„ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ეუთოს/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელშიც 2017 წლის ოქტომბერ–ნოემბერში საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ზოგადად დადებითად არის შეფასებული და ხაზი გაუსვა, რომ გამოსწორდეს საარჩევნო საჩივრების ეფექტიანად განხილვისა და მათზე რეაგირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე უკეთ იქნას უზრუნველყოფილი თანაბარი საარჩევნო პირობები.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მედიის მზარდი თავისუფლებისა და აქტიურობისა, რამაც ხელი შეუწყო მეტი პოლიტიკური დებატის წარმართვას, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოსა და პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნება არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“, – აღნიშნულია კოჟიანჩიჩის განცხადებაში.

როგორც ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი აღნიშნავს, ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, პოლიტიკაში ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მეტი მონაწილეობა უზრუნველყოს.

განცხადებაშია ასევე მითითებულია, რომ ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც სიკეთეს მოუტანს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას და გაამარტივებს ვაჭრობას, განათლებას, გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების დამყარებასა და ნდობის აღდგენას გაყოფილ ჯგუფებს შორის.

„ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გაგრძელდეს ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტიანად განხორციელება, მათ შორის, კერძო სექტორში. დიალოგის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულება, რელიგიური აღმსარებლობის, მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობის ან რაიმე სხვა ნიშნის მიუხედავად.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ განხორციელებულ წინსვლას ეთნიკური უმცირესობების დაცვისა და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში და მოუწოდა მთავრობას, გაგრძელდეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა.

ევროკავშირმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლად შექმნილი ადამიანის უფლებების დეპარტამენტი ხელს შეუწყობს სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და მოუწოდა მთავრობას, კიდევ უფრო დაიხვეწოს კოორდინაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების სფეროში“, – აღნიშნულია კოჟიანჩიჩის განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინიციატივებს, რომლებიც ეფუძნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის „სტამბოლის კონვენციით“ განსაზღვრულ ვალდებულებებს.

დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უნდა გაძლიერდეს ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუტების შესაძლებლობები ქალთა საკითხების მხარდასაჭერად, კერძოდ ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უფრო აქტიურად გატარდეს ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის პრევენციას, ძალადობასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებასა და მსხვერპლთა დაცვას.

ამასთან, ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიღებულია, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ შრომის ინსპექცია გახდეს სრულფასოვანი და რომ ახალი კანონი თანდათანობით ეკონომიკის ყველა სექტორზე გავრცელდეს.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააძლიეროს შიდა სოციალური დიალოგი და განაგრძოს „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობა.

ევროკავშირმა აღნიშნა, რომ მოწყვლად და სიღარიბეში მყოფ ბავშვთა საკითხებში წინსვლაა მიღწეული და თხოვნით მიმართა ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ორსულთა და ახალშობილთა პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

„საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია წამებისა და ცუდი მოპყრობის პრევენციის საკითხში. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ამ წინსვლის განმტკიცება.

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გაგრძელდეს მუშაობა ისეთი საგამოძიებო მექანიზმის მისაღებად, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სავარაუდო დარღვევებს.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით იმ პროცესში, რომელიც წინ უძღოდა სახალხო დამცველის დანიშვნას 2017 წლის დეკემბერში.
მხარეები შეთანხმდნენ, ასევე, რომ გააგრძელებენ და კიდევ უფრო დახვეწენ მათ შორის არსებულ კარგ თანამშრომლობას ადამიანის უფლებების საკითხებზე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო და ევროპის საბჭო.

ევროკავშირი დაინტერესდა აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მიმდინარეობით და მოუწოდა, გაგრძელდეს საქართველოში მცხოვრები ადამიანის უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია კოჟიანჩიჩის განცხადებაში.

ევროკავშირის პოლიტიკის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგის დაწყებამდე, ევროკავშირი შეხვდა ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში მომუშავე საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

მაია კოჟიანჩიჩის აღნიშნული განცხადება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგის შემდეგ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

25 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებების სფეროში მეთერთმეტე ყოველწლიური დიალოგი გაიმართა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, განიხილეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს სტაბილურ წინსვლაზე მიმართული ძალისხმევა და იმსჯელეს იმ ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ჩარჩოზე, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ევროკავშირი ადამიანის უფლებების სფეროს ხელშეწყობისას.

დიალოგის პროცესს ევროკავშირის მხრიდან უძღვებოდა დირკ შუბელი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო ქართული მხრიდან – ვახტანგ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი გაიმართა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის 24 აპრილის შეხვედრის შემდეგ.

დიალოგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ განხორციელების მონიტორინგის პროცესში.