ევროკავშირის შეფასებით, მთავრობის რეფორმებმა საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია განამტკიცეს
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები, – ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელზეც ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული ხელშესახები შედეგები. ამ კონტექსტში საბჭომ აღნიშნა 2017 წლის ანგარიში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ, რომელშიც პოზიტიურად არის შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.
ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის რეფორმებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, სექტორულ და სავაჭრო რეფორმებს.
ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში. საბჭომ აღნიშნა, რომ 2017 წელი წარმატებული იყო საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მიღწეული იყო ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებში – მათ შორის უვიზო რეჟიმის წარმატებული იმპლემენტაცია.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.