ევროკავშირის სასამართლო - პოლონეთმა მოსამართლეებისთვის საპენსიო ასაკის შემცირებით ევროკავშირის კანონმდებლობა დაარღვია
პოლონეთმა მოსამართლეებისთვის საპენსიო ასაკის შემცირებით ევროკავშირის კანონმდებლობა დაარღვია. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ასეთია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პოლონეთის მთავრობის მიერ 2017 წელს განხორციელებულ სასამართლო რეფორმას ეხება.
ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც პოლონეთის მმართველმა პარტიამ „სამართალი და სამართლიანობამ“ 2017 წელს მიიღო კანონი, რომლითაც მოსამართლეებისა და პროკურორების საპენსიო ასაკი შეამცირა. დადგენილი 67 წლიდან მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წლამდე, ქალებისთვის კი 60 წლამდე შემცირდა. ამასთან იუსტიციის მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება, ცალკეულ მოსამართლეებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგაც დართოს მუშაობის უფლება.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, პოლონეთმა არ შეასრულა ევროკავშირის კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებები, როდესაც მოსამართლე და პროკურორი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის სხვადასხვა საპენსიო ასაკი დააწესა და ქვედა ინსტანციების მოსამართლეების საპენსიო ასაკი შეამცირა.
მმართველმა პარტიამ „სამართალი და სამარლიანობამ“ პოლონეთის სასამართლო სისტემის მასშტაბური სადავო რეფორმა 2015 წელს დაიწყო, რაც ვარშავასა და ევროკავშირს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. სადავო რეფორმამ პოლონეთში გასულ წლებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია.