ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური - ხმამაღლა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბრიუსელისთვის საქართველოს მხარდაჭერა დღის წესრიგში რჩება
ხმამაღლა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბრიუსელისთვის საქართველოს მხარდაჭერა დღის წესრიგში რჩება, – ამის შესახებ ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურმა, ვინჩენცო კოპოლამ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ვინჩენცო კოპოლა მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ ათივე სადამკვირვებლო მისიას მეთაურობს, რომლებიც საქართველოს გარდა, უკრაინაში, კოსოვოში, ლიბიაში, სომალიში, მალიში, ნიგერიასა და პალესტინაში მოქმედებენ.
კოპოლამ თანამდებობა ერთი თვის წინ დაიკავა და პირველი ვიზიტი სწორედ თბილისში განახორციელა.
„შეგიძლიათ მიიღოთ ეს ვიზიტი როგორც გზავნილი ბრიუსელიდან. საქართველოში მისიის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა. იგი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მისიაა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს. მისია მომდევნო ორი წლით უკვე გახანგრძლივდა და ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ბრიუსელიდან, რომ ჩვენ აქ დარჩენას ვაპირებთ. ხმამაღლა გვინდა ვთქვათ, რომ ბრიუსელისთვის საქართველოს მხარდაჭერა დღის წესრიგში რჩება. არ განვიხილავთ ევროკავშირის საქართველოში ყოფნას მხოლოდ სადამკვირვებლო მისიის არსებობით, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების მიმდინარე პროცესს. ამიტომ ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩემგან, არამედ გზავნილია ბრიუსელიდან“, – აღნიშნა ვინჩენცო კოპოლამ.
ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურის თქმით, 2020-წლამდე სადამკვირვებლო მისიის გახანგრძლივებაზე საუბრისას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ამ იდეის მომხრე იყო. მისიის 2020-მდე გახანგრძლივება კი, მისი თქმით, არ ნიშნავს ორ წელიწადში მის საბოლოო დასრულებას, რადგან ბრიუსელმა სამომავლო გეგმები მომდევნო ორი წლის მონაცემებზე დაყრდნობით უნდა დასახოს.