ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი
ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორების და მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაზრდაზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდას აპირებს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

„ევროკავშირმა უნდა გაზარდოს წარმომადგენლობა ეფექტურობა გლობალურ ასპარეზზე, ერთობლივი ძალისხმევითა და ინვესტიციებით“, – ნათქვამია ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში.

სამუშაო დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი „ერთგულია გაერთიანებული, გრძელვადიანი და ევროპული მიდგომის, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის  ხუთ სახელმძღვანელო პრინციპზე“.

„ეს მოიცავს მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებას, რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირის განმტკიცებას, ევროკავშირის მედეგობის გაზრდას რუსეთიდან მომავალი მუქარებისადმი და რუსეთთან მხოლოდ გარკვეულ სპეციფიკურ საკითხებზე თანამშრომლობას. როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა და ადამიანებს შორის კავშირები“, – წერს ევროაქტივი.

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის განახლებულ პროექტში ცალკე პარაგრაფი ეთმობა აღმოსავლეთ პარტნიორებს.

„უსაფრთხოების კუთხით არსებული მზარდი გამოწვევების ფონზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების სტაბილურობასა და მმართველობას, ჩვენ გავზრდით მხარდაჭერას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“, – წერია პროექტში.​

ევროაქტივის“ მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები, რაც მოიცავს რუსეთიდან მომავალ მტრულ ჩარევას და ჰიბრიდულ ტაქტიკას, საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების დემოკრატიულ პროცესს და ასევე გავლენას ახდენს ევროკავშირის უსაფრთხოებაზეც.

„ევროკავშირის ახლო პარტნიორებთან საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან სპეციფიკური დიალოგი განმტკიცდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, დეზინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის პროექტი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შარშან ნოემბერში გადასცეს და მათ ჰქონდათ საშუალება, დოკუმენტში ცვლილებები შეეტანათ. პროექტის საბოლოო ვარიანტს ევროკავშირის ლიდერები მარტში დაამტკიცებენ.