ევროკავშირის სამიტის მონაწილეები კანონის უზენაესობის საკითხზე პოლონეთთან დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
პოლონეთთან კანონის უზენაესობის საკითხზე უთანხმოების მოსაგვარებლად დიდი გზაა და ეს გზა მოიცავს დიალოგს, სამართლებრივ რეაგირებასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის აღსადგენად კონკრეტულ ქმედებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონის უზენაესობის ფუნდამენტური სვეტი არის სასამართლოს დამოუკიდებლობა.
თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ პოლონეთში კანონის უზენაესობის საკითხზე ევროკავშირის სამიტზე აქტიური დებატები შედგა. შარლ მიშელმა პოლონეთთან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ გვჯერა, რომ პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია და ვაპირებთ ამ პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა პოლონეთს, შეასრულოს მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს დადგენილება.
„მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ივლისში დააგინა, რომ მოსამართლეებისთვის დისციპლინარული რეჟიმი უნდა გადაიხედოს და უკანონოდ გათავისუფლებული მოსამართლეებს უფლებამოსილება უნდა აღუდგეთ. ჩვენ ველოდებით პოლონეთისგან ამ დადგენილების განხორციელებას“, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ოქტომბრის დასაწყისში პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია რიგ შემთხვევებში ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია.