ევროკავშირის სამიტის დასკვნითი განცხადება - ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას
ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას. ამის შესახებ ნათქვამია ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნით განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭო გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ ევროკავშირი გაგრძელებს უკრაინის და მისი ხალხის ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. საბჭო ხაზს უსვამს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დაჩქარების აუცილებლობას, რათა დააკმაყოფილოს უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებები.
როგორც დასკვნით განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინის სამხედრო და უსაფრთხოების დახმარების გაწევა მოხდება კონკრეტული წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემით, ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გათვალისწინებით.
საბჭოს განცხადებით, რუსეთი პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის შედეგად მიყენებულ მასშტაბურ ზარალზე. საბჭოს წევრები აღნიშნავენ, რომ პარტნიორებთან კოორდინაციით საჭიროა გადამწყვეტი პროგრესი, თუ როგორ შეიძლება რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად სახელშეკრულებო ვალდებულებებისა და ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, დააჩქაროს ამ მიმართულებით მუშაობა.
განცხადებაში ასევე საუბარია სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე.
„აგრესიის ომის წარმოების რუსეთის უნარი კიდევ უფრო უნდა შესუსტდეს, მათ შორის სანქციების გამკაცრების გზით, მათი სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციითა და მათი გვერდის ავლის აღკვეთით, განსაკუთრებით, მაღალი რისკის საქონლის, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.