ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრი - ავსტრიის ოპოზიციური დამოკიდებულება ანკარას მიმართ მტრული დამოკიდებულებით შეიცვალა
ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრი ომერ ჩელიქი აცხადებს, რომ ავსტრიის ოპოზიციური დამოკიდებულება ანკარას მიმართ მტრული დამოკიდებულებით შეიცვალა. გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ომერ ჩელიქმა გააკრიტიკა ავსტრიის კანცლერის სებასტიან კურცის განცხადება, რომელმაც ევროკავშირს თურქეთთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. თურქეთის მინისტრის თქმით, კურცმა აჩვენა „რასისტებზე მეტად რასისტული მიდგომა“.
„განცხადებები – მოდით, დავასრულოთ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, თუმცა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები სხვა სფეროებში, – ეს ევროპაში თქმული ყველაზე დიდი ტყუილია“, – განაცხადა ომერ ჩელიქმა.
ჩელიქის თქმით, თურქეთის მთავარი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა.
„თურქეთთან დაკავშირებით მთავარი საკითხი სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივაა. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ არასდროს მივიღებთ სხვა მიდგომას, გარდა სრული წევრობისა“, – განაცხადა მომერ ჩელიქმა.
ავსტრიასა და თურქეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2016 წლის ბოლოს ვენამ თურქ მაღალჩინოსნებს არ მისცა საშუალება, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმის წინ ავსტრიაში კამპანია ჩაეტარებინათ.