ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 7 დეკემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას განიხილავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო 7 დეკემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ვებგვერდი ავრცელებს.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე საკითხების მიხედვით, საბჭო შეაფასებს უახლეს საერთაშორისო მოვლენებს, მათ შორის, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, თურქეთთან დაკავშირებულ საკითხებს, ვენესუელის საპარლამენტო არჩევნებს და ადამიანის უფლებებს. შემდეგ მინისტრები გაცვლიან აზრებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, განსაზღვრავენ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს.
საბჭო გამართავს დებატებს სტრატეგიული ავტონომიის შესახებ, სადაც მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ევროკავშირის მდგრადობა.
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.