ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები - ქიმიური იარაღის გამოყენება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიაში ქიმიური თავდასხმის დაუყოვნებლივ დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ ლუქსემბრუგში მინისტრების მიმდინარე შეხვედრაზე მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ადასტურებს ევროკავშირის პოზიციას, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და შესაძლოა, იყო სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. მინისტრები მიიჩნევენ, რომ ეს დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ხოლო პასუხისმგებელი პირები უნდა გასამართლდნენ.
„სირიაში ბოლო დროს გავრცელებული ცნობები, რომლებიც ნამდვილად შოკისმომგვრელია და, რომლებიც უნდა იყოს დაუყოვნებლივ დამოუკიდებლად გამოძიებული, მხოლოდ აძლიერებს ევროკავშირის მზადყოფნას“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ქიმიური იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის მხარდაჭერაში ერთიანია. საბჭო მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქიმიური იარაღის გამოყენება, მათ შორის იარაღად ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენება, იქნება ეს სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო მოთამაშე, ამაზრზენია და მკაცრად უნდა დაიგმოს.