ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს დიდ ბრიტანეთს და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას.
„ევროკავშირი მკაცრად გმობს სერგეი და იულია სკრიპალებზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას. ბევრი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა ამ არაკანონიერი და საზარელი ფაქტის გამო. ევროკავშირი ძალიან სერიოზულად იღებს ბრიტანეთის მთავრობის შეფასებას, რომლის მიხედვითაც ამ ყველაფრის მიღმა დიდი ალბათობით რუსეთი დგას. ევროკავშირი შოკირებულია სამხედრო კლასის ნერვული აგენტის გამოყენებით. ევროკავშირი მიესალმება ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, მჭიდროდ ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ უპასუხოს ბრიტანეთის მიერ წამოჭრილ შეკითხვებს და დაუყონებლივ გაასაჯაროოს „ნოვიჩოკის“ პროგრამა“, – ნათქვამია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.