ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაზე იმსჯელებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას განიხილავენ. ბრიუსელში აცხადებენ, რომ მინისტრები შეაჯამებენ პროგრამის განხორციელებას, რომელსაც 10 წელი უსრულდება.
მინისტერიალზე იმსჯელებენ 2020 წლისთვის განსაზღვრული 20 ამოცანის შესრულებაზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანასთან თანამშრომლობის პროგრესს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, ვაჭრობა, ენერგეტიკა, გარემო და საზოგადოებებს შორის კონტაქტები.
პროგრამის ათი წლისთავთან დაკავშირებით 13-14 მაისს ევროკაშვირის ხელმძღვანელებისა და პროგრამაში ჩართული ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით კონფერენცია ჩატარდება.
ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი არიან ჩართული.
ევროკავშირის მინისტერიალზე ასევე განიხილავენ ლიბიის კონფლიქტს, ავღანეთის სამშვიდობო პროცესსა და ვენესუელაში არსებულ მდგომარეობას.