ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებაც არის საუბარი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიერ დამტკიცებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტში სახელწოდებით „სტრატეგიული კომპასი” საქართველოს შესახებაც არის საუბარი.
„უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, გაერო-ს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს სამხედრო აგრესიის, ასევე 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ჩარევის შემდეგ. საქართველოსა და უკრაინაში შეიარაღებული ჩარევით, ბელარუსის დეფაქტო კონტროლით, ასევე გაჭიანურებულ კონფლიქტების ზონაში, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკაში, რუსეთის სამხედრო დანაყოფების განთავსებით რუსეთის მთავრობა აქტიურად მიისწრაფის ე.წ. გავლენის სფეროების დაწესებისკენ“, – ნათქვამია ევროკავშირის მინისტრების მიერ მიღებულ დოკუმენტში.
როგორც ევროკავშირის სტრატეგიაშია ნათქვამი, აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის შეიარაღებული ძალები პირდაპირ ესხმიან თავს უკრაინას, ხოლო მოლდოვა, საქართველო და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები მუდმივი დაშინების, მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პირდაპირი საფრთხეების წინაშე დგანან და გაჭიანურებული კონფლიქტების ხაფანგში არიან მოქცეული.
„საქართველოსა და მოლდოვის წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის რუსეთის მტრული ჩარევა, სამხედრო ინსტრუმენტებისა და ჰიბრიდული ტაქტიკის ფართო გამოყენება საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნების სტაბილურობას და მათ დემოკრატიულ პროცესებს და პირდაპირ აისახება ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ ქვეყნებთან და მტკიცე მხარდაჭერისა და ერთგულების დადასტურებას მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან, როგორც ევროკავშირის ახლო პარტნიორებთან, გაძლიერდება კონკრეტული დიალოგი და თანამშრომლობა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეებისთვის, დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კიბერუსაფრთხოება“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც საბოლოოდ ევროკავშირის ლიდერებმა 24-25 მარტს დაგეგმილ სამიტზე უნდა დაამტკიცონ.