ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვასთან დაკავშირებით.
„ევროკავშირს არაერთხელ გამოუთქვამს შეშფოთება შერჩევის პროცესში ხარვეზებისა და მოქმედი წესების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება შესარჩევი პროცესის სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებების ინიციატივას, იმედგაცრუებას იწვევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ნაჩქარევად შეიმუშავა და მიიღო ეს ცვლილებები ინკლუზიური კონსულტაციის პროცესის გარეშე. ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველომ წარსულში უკვე შეიტანა ნაჩქარევად ცვლილებები ამ კანონმდებლობაში ვენეციის კომისიისთვის დროული მიმართვის, ან საბოლოო დასკვნის ლოდინის გარეშე.
ამგვარად, ევროკავშირი მტკიცედ ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიმართოს ვენეციის კომისიას შეფასების თხოვნით, შეესაბამება თუ არა მიღებული შესწორებები მის წინა რეკომენდაციებს. ვენეციის კომისიის მიერ დამტკიცებული ახალი წესები უნდა გავრცელდეს ყველა აპლიკანტზე.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, უზენაესი სასამართლო შედგებოდეს უმაღლესი პროფესიონალური კომპეტენციის და პატიოსნების მქონე მოსამართლეებისგან. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა არის საქართველოსთვის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის პირობა“, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებაში.