ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური რუსეთში დემონსტრანტების დაკავებას ეხმაურება
რუსეთში ათასზე მეტი დემონსტრანტის დაკავება და საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება ქვეყანაში ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის ათობით ქალაქში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების დაკავება, ასევე მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება მედიის თავისუფლებას, ასევე გამოხატვის, აზრისა და შეკრების თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
ორგანიზაციის განცხადების თანახმად, ის ფაქტი, რომ აქციების ნაწილი სანქცირებული არ იყო, არ ამართლებს პოლიციის სისასტიკეს და მასობრივ დაკავებებს. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს.
ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის მომხრეთა აქციები რუსეთის 100-მდე ქალაქებში გაიმართა. პოლიციამ აქციებზე 1600-მდე ადამიანი დააკავა.