ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის მისია განცხადებას ავრცელებს.
„ევროკავშირის მონიტორინგის მისია საქართველოში მიესალმება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას. მისი დაკავების პირველივე დღიდან, 2020 წლის 11 ივლისიდან, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ცხელი ხაზის მეშვეობით ხელს უწყობდა ინტენსიურ კომუნიკაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაკავების, ე.წ. სასამართლო პროცესის და დღეს მის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას. მისია მუდმივ რეჟიმში ყველა მხარეს მოუწოდებდა ცხელი ხაზის მეშვეობით გაეცვალათ ინფორმაცია და გამოეყენებინათ ერგნეთის ფორმატი ამ საკითხის პრაგმატული გადაჭრის მიზნით. გახელაძის დაკავება ინტენსიურად განიხილებოდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებდა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. საკითხი დაყენებული იყო მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილებოდა საერთაშორისო პარტნიორებთან. ზაზა გახელაძის საკითხი არაერთხელ დაისვა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე. ამასთან, ივნისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა და ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის შუამდგომლობა სთხოვა.