ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - მოხარული ვართ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა
ძალიან მოხარული ვართ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა საშობაო და საახალწლო პერიოდში, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ქეით ფეირონმა განაცხადა.
როგორც ქეით ფეირონმა განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მისიის ცხელი ხაზი აქტიურად მუშაობდა ნოემბრიდან, ექიმის დაკავების შემდეგ.
„რა შეეხება მოლაპარაკებებში მონაწილეებს, ამ შემთვევაში ვისაუბრებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლზე, რომელიც ექიმის გათავისუფლების მიზნით ცხელი ხაზის საშუალებით ინფორმაციის გაცვლასაც მოიცავდა. ჩვენი მიზანია მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა. ასე რომ მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს ამ მომენტისთვის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მართალია, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებით ძალიან მოხარულები ვართ, თუმცა ამ დრომდე შეშფოთებულები ვართ თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე. გამშვები პუნქტები უკვე ნახევარი წელია დახურულია, სწორედ ამიტომ, ჩვენ დაუყოვნებელი ზომების მიღებისკენ მოვუწოდებთ, რათა ადამიანებმა თავისუფალი გადაადგილება შეძლონ“, – განაცხადა ქეით ფეირონმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.