ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ბელარუსის საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი სანქციების კრიტერიუმები შეათანხმეს
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ბელარუსის საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი სანქციების კრიტერიუმები შეათანხმეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს ახალი სანქციების კრიტერიუმები ბელარუსის საზღვარზე შექმნილ სიტუაციაზე რეაგირებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„საბჭომ დღეს ცვლილებები შეიტანა სასანქციო რეჟიმში ბელარუსთან ევროკავშირის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გათვალისიწინებით, რათა შეძლოს ბელარუსის რეჟიმის მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების ინსტრუმენტალიზებაზე რეაგირება“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

სასანქციო რეჟიმის შესწორებების მიხედვით, გაფართოვდება სანქციების დაწესების კრიტერიუმები, ამგვარად, ევროკავშირს შეეძლება შეზღუდვები დაუწესოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან ლუკაშენკოს რეჟიმის საქმიანობაში, რომელიც ევროკავშირის გარე საზღვრების უკანონოდ გადაკვეთას ხელს უწყობს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ასახავს ევროკავშირის მზაობას, წინ აღუდგეს პოლიტიკური მიზნებისთვის მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციას. ჩვენ ვუპასუხებთ ამ არაჰუმანურ და არალეგალურ პრაქტიკას. ამავე დროს, ჩვენ კვლავ ხაზს ვუსვამთ, რომ რეჟიმის მიერ მისი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები მიუღებელია და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირი ბელარუსს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან მიგრანტების მიერ ევროკავშირის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.