ევროკავშირის საბჭომ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში, ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში, ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი მიმართული იქნება სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
„საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან 20 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ახლახან დამტკიცდა ბრიუსელში.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკიდურესად სერიოზული გავლენა მოახდინა ევროპისა და რეგიონის სტაბილურობაზე. საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ომი და კარგად ესმის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების ფასი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედეგობას ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებით, სტაბილურობითა და მდგრადობით თავდაცვის სფეროში, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის საშუალებით. ევროკავშირის მხრიდან 20 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ახლახან დამტკიცდა ბრიუსელში. ეს დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას და მოხმარდება სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო, მობილობისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს რელევანტური, არალეტალური შეიარაღების მიწოდებით, მარაგებითა და მომსახურებით, ასევე ტრენინგებისთვის საჭირო აღჭურვილობას. ახალი დახმარების პაკეტით საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება 30 მლნ ევროს გადააჭარბებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში.
გასულ წელს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 13 მლნ ევრო შეადგინა, რომელიც გამიზნული იყო საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სამედიცინო მარაგების შესაძენად, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღნიშნული დახმარება განხორციელების ეტაპზეა. ქართული მხარის მიერ ახალი დახმარების შესახებ თხოვნა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მიიღო, რაზეც ერთსულოვანი თანხმობა განაცხადა ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტი ხელს უწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.