ევროკავშირის საბჭომ პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენების აკრძალვა დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ პლასტმასის ერთჯერადი ნივთების გამოყენების აკრძალვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა დირექტივა, რომელიც გარკვეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქტების გამოყენებას კრძალავს.

„ევროკავშირის საბჭოს მიერ ახალი წესების ფორმალური მიღება პროცედურის ფინალური ნაბიჯია“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. მანამდე აღნიშნული დირექტივა ევროპარლამენტმა 560 ხმით დაამტკიცა.

ახალი დირექტივის თანახმად, 2021 წლიდან, ევროკავშირში აიკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭელი, საწრუპები, კონტეინერები და სხვა ნივთები, რომელთა ჩანაცვლება მრავალჯერადი ნივთით შესაძლებელია. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2029 წლისთვის მეორადი გადამუშავებისთვის პლასტმასის ბოთლების შეგროვების მაჩვენებელი 90 პროცენტს მიაღწევს.

ევროკომისიის მონაცემებით, ახალი დირექტივის ფარგლებში აკრძალული ერთჯერადი პლასტმასის ნივთები ოკეანეში არსებული ნარჩენების 70 პროცენტს შეადგენს.