ევროკავშირის საბჭომ კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სამი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული თანხა კრედიტების სახით, ხელსაყრელი პირობებით ერთი წლის განმავლობაში გაიცემა და დაეხმარება ათ ქვეყანას, რომლებიც პანდემიის გამო ეკონომიკურ რეცესიას განიცდიან.
საქართველოსთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება. ალბანეთი მიიღებს 180 მილიონ ევროს, ბოსნია ჰერცეგოვინა – 250 მილიონ ევროს, იორდანია – 200 მილიონ ევროს, კოსოვო – 100 მილიონ ევროს, მოლდოვა – 100 მილიონ ევროს, მონტენეგრო – 60 მილიონ ევროს, ჩრდილოეთ მაკედონია – 160 მილიონ ევროს, ტუნისი – 600 მილიონ ევროს, ხოლო უკრაინა – 1,2 მილიარდ ევროს.
კრედიტების სახით დახმარების გამოყოფის მიზანია, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ხელშეწყობა, შეამცირონ კრიზისის ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგები და შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა.
დახმარების დასაჩქარებლად, ევროპარლამენტმა საკანონმდებლო ინციატივას საგანგებო პროცედურით უყარა კენჭი. მას 547-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 93-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 47-მა კანონმდებელმა კი, თავი შეიკავა.
ევროკავშირის საბჭომ ინიციატივა 4 მაისს დაამტკიცა.
დახმარების მიწოდება დაიწყება მას შემდეგ, რაც ქვეყნები ხელს მოაწერენ ევროკომისიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება კრედიტების გაცემის პირობები. ევროკომისია ელოდება, რომ ქვეყნების პირველ ტრანშს 2020 წლის შემოდგომას, მეორე ტრანშს კი, 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ.
კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად, ევროკომისია საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით 22 აპრილს გამოვიდა.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა წერილით, რომელშიც აღნიშნულია, რომ უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის გამოიყო, არის ნათელი დემონსტრირება ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს.