ევროკავშირის საბჭო - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია
ევროკავშირის საბჭო - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან ერთად, შეწყდა ევროპული გაერთიანებისა და თურქეთის საბაჟო კავშირის გაღრმავების პროცესი.

ევროპული გაერთიანების კრიტიკის ობიექტი თურქეთში კანონის უზენაესობის დარღვევა, ადამიანის უფლებებთან და აზრის გამოხატვის უფლებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებია. ასევე – ჟურნალისტების, უფლებადამცველების და სწავლულების დევნა.

თუმცა ანკარის მიმართ მკვეთრი ბრალდების მიუხედავად, ავსტრიის მოთხოვნა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ოფიციალურად გაუქმებაზე არ დაკმაყოფილდა.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროგრესის მიღწევა, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც თურქეთის ხელისუფლება პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა.

ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის შენარჩუნების მთავარი მიზეზი მიგრანტებთან დაკავშირებით ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა ოფიციალური ანკარისთვის გამოყოფილი ექვსი მილიარდი ევროდან სამი უკვე გადაიხადა. თუმცა შეთანხმების ფარგლებში შესასრულებელი 26 პროექტიდან ამ დრომდე მხოლოდ ნახევრის რეალიზება მოხერხდა.