ევროკავშირის საბჭო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის საბჭო საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო.
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე მოხდა აზრთა გაცვლა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან ევროკავშირის ურთიერთობებზე ნოემბერში დაგეგმილი მინისტერიალისთვის და ბრიუსელში დეკემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პატნიორობის“ სამიტისთვის მზადების ფარგლებში.
„მინისტრებმა განიხილეს რეგიონში ზოგიერთი პარტნიორი ქვეყნის წინაშე არსებული რთული გეოპოლიტიკური კონტექსტი და შეთანხმდენ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების წინ წაწევას, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამავე დროს, ევროკავშირი ფოკუსირებული დარჩება გრძელვადიან სოციალ-ეკონომიკურ აღდგენაზე, იმის უზრუნველყოფით, რომ ეს იყო მდგრადი, ინკლუზიური და ხალხისთვის კონკრეტული შედეგების მომტანი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ევროკავშირი ასევე მხარს დაუჭერს პარტნიორებს ვაქცინებით, ვაქცინების სერტიფიკატებითა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლით.
„რაც შეეხება „აღმოსავლეთ პარტნიორობას“, უნდა მოვემზადოთ მომავალ თვეში ახალი მინისტერიალისთვის და სამიტისთვის დეკემბერში. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო რთული გეოპოლიტიკური კონტექსტი, სიტუაცია უკრაინაში, გაჭიანურებული კონფლიქტები, მიმდინარე ენერგოკრიზისი მოლდოვაში, მიმდინარე რეპრესიები ბელარუსში, რომელმაც შეაჩერა „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობა. დღეს შევთანხმდით ფუნდამენტურ საკითხებზე მუშაობაზე. ესენია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც არის ქვაკუთხედი. ასევე გრძელვადიან ეკონომიკურ აღდგენაზე და ვაქცინებით, ვაქცინების სერტიფიკატებითა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლით მხარდაჭერაზე“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა მინისტერიალი შემდგომ პრესკონფერენციაზე.