ევროკავშირის საბჭო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა
ევროკავშირის საბჭო რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.
ბრიუსელში გამართულ სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალოს პრორუსული ინტერნეტპორტალი Voice of Euripe, ასევე სამი რუსული მედიასაშუალება – სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტი“, „რასიისკაია გაზეტა“ და „იზვესტია“. ევროკავშირი ამ მედიასაშუალებებს რუსული პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამის შემდეგ სანქციები ოფიციალურად წერილობითი სახით უნდა დამტკიცდეს.
ცნობისთვის, რუსული პროპაგანდის გარშემო სკანდალი ევროპაში მარტში ჩეხეთის მთავრობის განცხადების შემდეგ აგორდა. მთავრობის განცხადებით, მათ გამოავლინეს რუსეთიდან დაფინანსებული გავლენის ქსელი, რომელიც რუსეთის ნარატივებს ევროპაში ავრცელებდა და ამ მიზნით ევროპელ პოლიტიკოსებს ფულს უხდიდა.
მანამდე „პოლიტიკომ“ დაასახელა 16 ევროდეპუტატი, რომლებიც ინტერნეტპორტალ Voice of Euripe-თან თანამშრომლობდა. მათ შორის არიან გერმანელი ევროპარლამენტარი მაქსიმილიან კრაჰი და ბუნდესტაგის წევრი პეტრ ბისტრონი.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კორმ ღიად განაცხადა,რომ რუსეთი ევროპარლამენტის წევრებს ფულს უხდიდა რუსული პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებისთვის. ეს ბრალდება მტკიცებულებებით გამყარებული ჯერ არ არის. ამავე საქმეზე პოლონეთში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 48500 ევრო და 36000 დოლარი ამოიღეს.