ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ილია დარჩიაშვილის არაფორმალური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე
ევროკავშირის საბჭო - ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ილია დარჩიაშვილის არაფორმალური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და მისი დემოკრატიის განმტკიცების საჭიროებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შედეგების შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირის საბჭოს ცნობით, დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბევრ საკვანძო რეფორმაში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არის მნიშვნელოვანი ელემენტები თითოეული ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრო შეხვედრას ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა კოლეგა მინისტრთან და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან.