ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2.5 პროცენტით შემცირდა
2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 752.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.2 პროცენტს შეადგენს. საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ამავე პერიოდში იმპორტის მოცულობამ 2 087.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.4 პროცენტით ნაკლები და მთლიანი იმპორტის 25.7 პროცენტია.
საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 839.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები კი, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით ჩამორჩება.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 794.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 21.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. იმპორტის მოცულობა 2 173.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა – 11.3 პროცენტით ნაკლები. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 968.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნული კი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია.